21 მარტს, მსოფლიო ტყის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!

21 მარტს, მსოფლიო ტყის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!

2021 წელს, ტყის საერთაშორისო დღის თემაა „ტყის აღდგენა: გზა გაჯანსაღებისა და კეთილდღეობისკენ“. ტყის დაცვა, აღდგენა და მისი მდგრადი მართვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი და მომდევნო თაობების უკეთესი მომავლისთვის. ტყის დაცვა-აღდგენა ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს, სუფთა წყლის, ჰაერის და საკვების შენარჩუნებას, ტყე უმნიშვნელოვანესია პლანეტის ბიომრავალფეროვნებისთვის და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის.

დაცული ტერიტორიების სააგენტო უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით:

➡ აჯამეთის აღკვეთილში, 2016 წლიდან დღემდე, წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის - იმერული მუხის აღდგენის პროექტი, დაახლოებით 56 ჰა ტერიტორიაზე.
➡ ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ საბრძოლველად ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, როგორც კოლხური ბზის, ასევე წაბლისა და წიწვოვანი ტყეების გადარჩენის მიზნით.
➡ კოლხური ბზის გადასარჩენად 2020 წლიდან მიმდინარეობს ბზის ალურას საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატების გამოყენება კოლხეთის ეროვნულ პარკში, კინტრიშისა და ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე.
➡ ტყეების გადასარჩენად ბორჯომ-ხარაგაულის, ყაზბეგისა და ალგეთის ეროვნული პარკების, ნეძვის აღკვეთილის წიწვოვან ტყეებში განხორციელდა ფერომონიანი საჭერების დაკიდება ქერქიჭამიების წინააღმდეგ, ასევე დაგეგმილია ამ ტყეების ფიტო-პათოლოგიური გამოკვლევების ჩატარება.
➡ მაჭახელას ეროვნულ პარკში მიმდინარეობს წაბლის გავრცელებისა და წაბლის კიბოს კვლევა.

ტყის საერთაშორისო დღე 2013 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.