დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე–10 საერთაშორისო გამოფენა "EXPO BATUMI TRAVEL 2017"-ში მონაწილეობს. გამოფენა სასტუმრო „შერატონში“ 12 მაისს გაიხსნება და 14 მაისამდე გაგრძელდება.

გამოფენის გახსნას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები - თომა დეკანოიძე და გიორგი დოლიძე დაესწრებიან.

დაცული ტერიტორიების სააგენტო წელს, დამთვალიერებლებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქტიულ საგამოფენო პავილიონს წარმოუდგენს. გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ სერვისებს გაეცნობიან.

დაცული ტერიტორიების საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება ვირტუალური რეალობის სათვალეები (VR Oculus rift), რომლის დახმარებითაც, დამთვალიერებლები 7 დაცულ ტერიტორიაზე - ოკაცეს, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, მარტვილის, ალგეთის და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში შეძლებენ ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობას. ვიდეო-რგოლები 360 გრადუსიანი ხედვის მქონე, უახლესი ტექნოლოგიების კამერებითაა გადაღებული.

დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ ფოტო-სურათები სპეციალურად მოწყობილ მღვიმის სფერულ ინსტალაციაში და ნავში გადაიღონ.

2017 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტო განსაკუთრებით ემზადება. მიმდინარეობს დაახლოებით 11-მდე ობიექტის მშენებლობა-მოწყობა. ჯამში 6 737 500 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ახალი ვიზიტორთა ცენტრების სამშენებლო სამუშაოები ალგეთის, ყაზბეგის, კინტრიშის, ქობულეთისა და მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე უკვე დაიწყო.

გამოფენაში წელს 10 - მდე ქვეყნის 20 კომპანია მონაწილეობს.