დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე

დაცული ტერიტორიების სააგენტო თბილისის  მე-19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენა 27 აპრილს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიხსნება და 29 აპრილამდე გაგრძელდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტო წელს, დამთვალიერებლებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქტიულ საგამოფენო პავილიონს წარმოუდგენს. გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ სერვისებს გაეცნობიან. სპეციალურად გამოფენისთვის, ახალი საპრომოციო მასალები მომზადდა.

დაცული ტერიტორიების საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება ვირტუალური რეალობის სათვალეები (VR Oculus rift), რომლის დახმარებითაც, დამთვალიერებლები 3 დაცულ ტერიტორიაზე - მარტვილის და ბირთვისის კანიონებზე და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში შეძლებენ ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობას. ვიდეო-რგოლები 360 გრადუსიანი ხედვის მქონე, უახლესი ტექნოლოგიების კამერებითაა გადაღებული.

დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ ფოტო-სურათები სპეციალურად მოწყობილ მღვიმის სფერულ ინსტალაციაში და ნავში გადაიღონ.

2017 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტო განსაკუთრებით ემზადება. მიმდინარეობს დაახლოებით 11-მდე ობიექტის მშენებლობა-მოწყობა. ჯამში დაახლოებით 8.5 მლნ ლარის ინფრასქტუქტურული პროექტები განხორციელდება. ახალი ვიზიტორთა ცენტრების სამშენებლო სამუშაოები ალგეთის, ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის, კინტრიშის, ქობულეთისა და მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე უკვე დაიწყო.

თბილისის მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მოადგილესთან , ეკატერინე გრიგალავასთან ერთად დაესწრება.

გამოფენაში მონაწილეობას იღებენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, ღონისძიებაში დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად მონაწილეობენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.