კლასიკური მუსიკის კონცერტი პრომეთეს მღვიმეში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოში პირველად, მღვიმეში კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება მიწის ზედაპირიდან 30 მეტრის სიღრმეზე, პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლზე, „მედეას“ დარბაზში ჩატარდა. ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის კლასიკური პოპულარული მელოდიები და კინომუსიკის შედევრები სიმებიანმა კვარტეტმა „სფორცანდომ“ შეასრულა.
პრომეთეს მღვიმის ტურისტული ბილიკი კილომეტრნახევარზე გრძელდება და 6 ულამაზეს დარბაზს მოიცავს. მიწისქვეშა მარშრუტი ორი გასასვლელით ბოლოვდება - წყალქვეშა მდინარეზე ნავებით ან საფეხმავლო გზით.
კვარტეტი „სფორცანდო“ 2012 წლიდან მოღვაწეობს. მათი რეპერტუარი საკვარტეტო ნაწარმოებებთან ერთად მოიცავს ევროპელი, ამერიკელი და ქართველი კომპოზიტორების მინიატურებს, კინოსა და თეატრის მუსიკას.
კონცერტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქვეყნის წამყვანი ტურ-ოპერატორები დაესწრნენ.