მაჭახელას ეროვნული პარკი საერთაშორისო დაფინანსებას მიიღებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების ფარგლებში, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 120 000 ევროს ღირებულების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის გაფორმებული ხელშეკრულება მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის ეფექტიანობის და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ასევე, შრომითი მოტივაციის ამაღლებას, მათ შორის, სახელფასო დანამატების გაცემას ითვალისწინებს.

მაჭახელას ეროვნული პარკი 2012 წელს, ქალაქ ბათუმიდან 30 კმ-ის დაშორებით შეიქმნა. პარკის შექმნის მიზანს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა წარმოადგენდა.

კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან 2008 წლიდან თანამშრომლობს და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მუშაობის მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში. კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, დღემდე, 10 ეროვნული პარკი სარგებლობდა.