საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი იმერეთის რეგიონში მდებარე დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლია საქართველოში ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს შორისაა.
სათაფლიაში, დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს ბილიკებისა და ეკო-საგანმანათლებლო სივრცეების, ასევე, სამუზეუმო სივრცის და შუშის გადასახედი პლატფორმის განახლება, იცვლება ბილიკებზე არსებული განათების სისტემა. დაგეგმილია დინოზავრების არსებული მაკეტების ახლით ჩანაცვლება.
მარტვილის კანიონსა და პრომეთეს მღვიმეში აქტიურ ფაზაშია ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები; მიმდინარეობს მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია, მარტვილის კანიონის სალარო შენობის მოწყობა, ბილიკების რეაბილიტაცია.
აღსანიშნავია, რომ, მიმდინარე წელს, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, 22,5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო/მოსაწყობი სამუშაოები, რათა კიდევ უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდეს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა.