საქართველოს ეროვნულმა პარკებმა ITB Berlin Now 2021 საერთაშორისო გამოფენაზე დიდი ინტერესი გამოიწვია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველოს ეროვნული პარკების სახელით წარსდგა.

საქართველოს დაცული ტერიტორიები ამ მნიშვნელოვანი გამოფენის მონაწილე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით გახდა. საქართველოდან აღნიშნულ გამოფენაში 39-მა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.

პანდემიის გამო, წელს პირველად ITB Berlin-ის 4 დღიანი გამოფენა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ვირტუალურ გამოფენაში საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა წარმოადგინა მდგრადი ეკოტურისტული და სათავგადასავლო მიმართულება, შესაბამისი ვიზუალური და ტექსტუალური მასალებით, პრეზენტაციებითა და გამოფენის ონლაინ პლატფორმაზე ჩართული სააგენტოს წარმომადგენლებით, რომლებიც ონლაინ რეჟიმში პასუხობდნენ შეკითხვებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოდან მომხსენებელი და პრეზენტატორი ნათია მულაძე გახლდათ. მან ისაუბრა სხვადასხვა ეროვნული პარკების მრავალფეროვნებისა და უნიკალურობის შესახებ და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა დაინტერესებულ პირებს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ.

საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია გამოფენის მონაწილეთა შორის, განსაკუთრებით გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ისრაელის, საბერძნეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიტვის, უკრაინის, რუსეთის, ირანის წარმომადგენლებში, რომლებთანაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოხდა საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა.

საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ახალ ტურისტულ სეგმენტზე გასვლისა და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველო ITB ბერლინის გამოფენაზე უკვე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება და ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულ 1 მილიარდიან აუდიტორიაზე ექნება წვდომა.

ITB Berlin მსოფლიო ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, რომელიც 1966 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში მან თავი დაიმკვიდრა როგორც გლობალური ტურისტული ინდუსტრიის სახელმძღვანელო სისტემამ. გამოფენა ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის წამყვანი ტურისტული ფედერაციები, ეროვნული და რეგიონალური ტურისტული ორგანიზაციები, საერთაშორისო ტურისტული კომპანიები და სხვა.