საქართველოს პრემიერ მინისტრმა დაშბაშის კანიონზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

მთავრობის მეთაურს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ, KAAS ჯგუფის დირექტორმა ეკატერინე თორდიამ, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლეს.

პირველად საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა.

საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყობა, ეკოტურისტული - ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია. ეს ხელს შეუწყობს კანიონის პოპულარიზაციას, მიმზიდველი გახდება ვიზიტორებისთვის, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, განვითარდება ტურისტული სერვისები და წალკის მუნიციპალიტეტში ხელი შეეწყობა ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესს.

ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკოტურიზმის განვითარებაში.