საქართველოში სამუშაო ვიზიტით კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარე ჰიუნგ-კუნ სონგი იმყოფება

„საქართველოს ეროვნული პარკები არის უნიკალური საგანძური, რომელიც მსოფლიომ უნდა გაიცნოს“, - ჰიუნგ-კუნ სონგი, კორეის ეროვნული პარკების სამსახურის (KNPS) თავმჯდომარე.
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურის (KNPS) თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარე ჰიუნგ-კუნ სონგი იმყოფება.
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ორი ქვეყნის მიერ ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.
 
ვიზიტის ფარგლებში, კორეის ეროვნული პარკების დელეგაციის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა დაცული ტერიტორია მოინახულეს, მათ შორის, ყაზბეგის ეროვნული პარკი, პრომეთეს და თეთრა მღვიმეები, იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად აღიარებული კოლხეთის ეროვნული პარკი. კორეის ეროვნული პარკების სამსახურის დელეგაციის წევრების საქართველოს ეროვნულ პარკებში ვიზიტის დროს, განსაკუთრებული ყურადღება არსებულ სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე გამახვილდა. კორეული მხარის რეკომენდაციების გათვალისწინება მემორანდუმის ფარგლებში მოხდება. 
 
„აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი განთქმული მღვიმე, პრომეთეს მღვიმე მოვინახულე. წარუშლელია ჩემი შთაბეჭდილებები, ის ფაქტი, რომ სანაოსნო ტურით შევძელი მღვიმეში გადაადგილება ჩემთვის დაუვიწყარია. ხაზი მინდა გავუსვა თეთრა მღვიმეში დამთვალიერებლებისთვის ინოვაციურ შეთავაზებას, რომელიც მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას გულისხმობს და რამაც დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა ჩემზე. ბედნიერი ვარ საქართველოსა და საქართველოს ეროვნულ პარკებში ვიზიტით, ეს არის უნიკალური საგანძური, რომელიც მსოფლიომ უნდა გაიცნოს. ეს შთაბეჭდილებები დიდი ხნით გამყვება“, - აღნიშნა კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარემ, ჰიუნგ-კუნ სონგმა.
 
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) შორის, ბოლო წლების განმავლობაში, მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის, ალგეთის ეროვნულ პარკში მოეწყო საქართველო-კორეის ეროვნული პარკების ერთობლივი ფოტო-გამოფენა. ამ და სხვა ღონისძიებებმა საფუძველი ჩაუყარა ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს გარემოს დაცვის მიმართულებით და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა სამომავლო თანამშრომლობისთვის.