ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა დაცულ ტერიტორიებს შორის

ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი არცვიკ მინასიანი სტუმრობდა. ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პრეზენტაცია გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

ვიზიტორთა ცენტრში ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის მიმიდნარე ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის წარდგენა მოხდა. ორივე დაცულ ტერიტორიაზე ჩატარდება ბიომრავალფეროვნების ტრანსსასაზღვრო მონიტორინგი; ორნითოლოგიური მონიტორინგი ერთი და იგივე მეთოდოლოგიით, ერთსადაიმავე სახეობებზე. შემუშავდება ერთობლივი ბაზა და ჩატარდება ერთობლივი ტრენინგები. ასევე, დაცულ ტერიტორიებზე მოხდება ტრანსსასაზღვრო ტურიზმის ხელშეწყობა. შემუშავდება ერთიანი რეგიონალური სტანდარტი, ტრანსსასაზღვრო ტურისტული მარშრუტი და ტურისტული პროდუქტი.

სტუმრები ტბა მადათაფაზე იმყოფებოდნენ, სადაც გადამფრენ ფრინველებს დააკვირდნენ. ასევე, ჯავახეთის ეროვნულ პარკში ტრანსსასაზღვრო ველო-რბოლაც გაიმართა, რომელმაც სტარტი მადათაფას ტბაზე აიღო და სომხეთში არპის დაულ ტერიტორიებზე დასრულდა.

ღონისძიება ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს- TJS -ის მესამე ფაზის ფარგლებში გაიმართა. პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის მიერ ხორციელდება, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე და საერთაშორისო ექსპერტები დაესწრნენ.