ტრენინგი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისთვის

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ვაშლოვანის, ლაგოდეხის, ჭაჭუნას, თუშეთისა და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებს ჩეხმა ექსპერტებმა  ტრენინგი ჩაუტარეს ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზაზე მუშაობის შესახებ.

ტრენინგის მიზანი კახეთის რეგიონში მდებარე დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზაზე მუშაობის პროცესებისა და მექანიზმების გაცნობა იყო. ტრენინგზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზასთან მიერთების შესაძლებლობების და მიღებული ინფორმაციის გამოყენებისა და დამუშავების შესახებ.

უახლოეს მომავალში იგეგმება ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზის დანერგვა და ამუშავება, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული ადმინისტრაციები შეძლებენ მუდმივი მონიტორინგის პროცესში მოპოვებული ბუნებრივი რესურსების შესახებ ინფორმაციის შეტანას ბაზაში და შემდგომ მის გამოყენებას.