წიგნის პრეზენტაცია „გაიცანი ალგეთის ეროვნული პარკი“

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „გაიცანი ალგეთის ეროვნული პარკი“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი და ალგეთის ეროვნული პარკის დირექტორი ავთანდილ მჭედლიძე.  მანგლისის სკოლის 8 მოსწავლე რომელიც მონაწილეობას ღებულობდა წიგნის შექმნაში მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას, სკოლის მოსწავლეთა თხოვნით მოწვეული სტუმრის სტატუსით ასევე ესწრებოდა მხატვარი ზაალ სულაკაური, რომელმაც ადგილზე შექმნა მოსწავლეების კარიკატურული პორტრეტები.

წიგნის მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. მასში გადმოცემულია ინფორმაცია ალგეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებაზე, და ასევე წარმოდგენილია სკოლის მოსწავლეებზე  გათვლილი ეკოთამაშები .

წიგნი მომზადდა ალგეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერით, „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში- საქართველო“ პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის თანამშრომლობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მიერ.

აღნიშნული პროექტის მიზანია დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის ზრდა და ამავდროულად მიმდებარედ მცხოვრები თემების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროექტი შემდეგ ოთხ დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს: ალგეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები.

წიგნის დღე ოფიციალურად იუნესკოს სესიაზე 1995 წლის 23 აპრილს დამტკიცდა და მსოფლიო მასშტაბით 80 ქვეყანაში აღინიშნება.