ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის ადმინისტრაციაში შემოვიდა ინფორმაცია ნეძვის აღკვეთილის სასაზღვრო ზოლზე მიმდინარე ხე-ტყის უკანონო ჭრის თაობაზე. ადგილზე გავიდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი, დაცვის განყოფილების უფროსი და რეინჯერები. მას შემდეგ, რაც ბრაკონიერები თანამზრახველებმა გააფრთხილეს რეინჯერების მოახლოვების თაობაზე, მათ სატვირთო მანქანებიდან ჩამოცალეს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალა და ადგილიდან მიმალვა სცადეს.

კანონდამრღვევები არამცთუ არ დაემორჩილნენ ეროვნული პარკის წარმომადგენლების მოთხოვნას ავტომანქანების გაჩერებასთან დაკავშირებით, არამედ მაღალი სიჩქარით გამოემართნენ მათი მიმართულებით. რომ არა ეროვნული პარკის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება, აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა, ფატალური შედეგითაც დასრულებულიყო.

ბრაკონიერობის მოცემული ფაქტი შეიცავს მნიშვნელოვანი ზიანისა და სისხლის სამართლის საქმის ნიშნებს. შესაბამისად, არსებული ინფორმაცია ფოტო და ვიდეო მასალებთან ერთად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს განყოფილებას შემდგომი რეაგირებისათვის.