ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან დავით მარკოზაშვილთან ერთად ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა.

გიგლა აგულაშვილმა ვიზიტორთა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ.

შენობაში საგამოფენო სივრცე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ადმინისტრაცია განთავსდება.

მშენებლობას გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს. პროექტის ეფექტურად განხორციელებას საკონსულტაციო ჯგუფი (GFA) უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 793 450 ლარს შეადგენს.

ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ-კავკასიის ოფისის დირექტორი კლაუს ვაიგელი, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად ემზადება. 2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 6 737 500 ლარი დაიხარჯება.