262 800 ევრო დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციებისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში, ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, 4 დაცული ტერიტორიის მეგობართა ასოციაცია 262 800 ევროს ოდენობით გრანტს მიიღებს.

ალგეთის, ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების მიზანია ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში, გამოცხადდება მცირე გრანტების კონკურსი, რომელიც მოსახლეობას დაეხმარება მცირე ბიზნესის განვითარებაში.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მათი დახმარებით, საშუალება გვქონდეს გავაუმჯობესოთ დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. დღევანდელი ხელშეკრულებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“ - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ.

ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა, საკონსულტაციო ჯგუფ (GFA)-ს დირექტორმა რამაზ გოხელაშვილმა და მეგობართა ასოციაციების დირექტორებმა მოაწერეს.

პროექტი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის ეფექტურად განხორციელებას საკონსულტაციო ჯგუფი (GFA) უზრუნველყოფს.