ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ღონისძიება „კავშირი ბუნებასთან“ გაიმართა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ღონისძიება „კავშირი ბუნებასთან“ გაიმართა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, ბორჯომში იმყოფებოდა, სადაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას „კავშირი ბუნებასთან“ დაესწრო.

„დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ, ბავშვებს, ამ ასაკიდანვე ვასწავლოთ ბუნების სიყვარული, თუ როგორ დაიცვან ბუნება. ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ ახლა ვმუშაობთ სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც უფრო მეტად ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები გარემოსდაცვით აქტივობებში“ - განაცხადა ვალიერიან მჭედლიძემ.

პროექტში ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოეწყო ეკოსაგანმანათლებლო ტური, ბავშვებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად პრაქტიკულად შეასრულეს ველზე რეინჯერის, ფერმერის და ბუნებრივი სპეციალისტების როლი.

ღონისძიების ფარგლებში გარემოსდაცვით თემატიკაზე ლექციები ჩატარდა, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების და ფუნქციონირების შესახებ, ასევე არსებული ბიომრავალფეროვნების და მისი დაცვის აუცილებლობის შესახებ. 

პროექტი აშშ-ს მშვიდობის კორპუსის დაფინანასებით ჩატარდა. პროექტი 3-ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა, ხარაგაულის, აწყურის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების 60-მა მოსწავლემ მიიღო.