ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ღონისძიება „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტორთა ცენტრში გამართულ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, სახელწოდებით „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ დაესწრო.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მიერ საახალწლო თემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა ნივთები. პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სპეციალური საჭიროების მქონე პირების მონაწილეობით ტრენინგები და შეხვედრები გაიმართა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სსმ პირთათვის ადაპტირებული ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება. პროექტის  მიზანია სსმ პირების სოციალური ინტეგრაცია ტურიზმის განვითარებაში.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს სსმ პირებისთვის ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურის ადაპტირებაზე. 7 დაცული ტერიტორიის ვიზიტორთა ცენტრში უკვე მოწყობილია სპეციალური პანდუსები.

პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომის“ ურთიერთთანამშრომლობით  ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია პოლონეთის სოლიდარობის ფონდი.