გიორგი ხანიშვილი დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, მტირალას ეროვნულ პარკში, მარტვილის კანიონში და პრომეთეს მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც ახალი ეკოტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრის მოადგილე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებს გაესაუბრა და არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღო.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, სააგენტო ყველაფერს აკეთებს, რათა ტურისტებს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და სერვისით შეხვდნენ.

ასევე, განიხილეს ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებიც. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, რათა მწერმა დისკომფორტი არ შეუქმნას ადგილზე ვიზიტორებს.

„ჩვენ ვიმყოფებოდით იმ დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ძალიან მალე დაიწყება აქტიური ტურისტული სეზონი. სამწუხაროდ, აზიური ფაროსანის პრობლემა, რომელიც აწუხებს სოფლის მეურნეობას, არანაკლებ შემაწუხებელი იქნება ტურისტებისათვის. თუმცა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტურისტებს შემაწუხებელი ფაქტორი მოვუხსნათ. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარდება წინასწარგანსაზღვრული ღონისძიებები“ - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.