ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე, გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანია “სითი ფორესტერმა” ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის პროექტის ფარგლებში, დიზაინის შუალედური ანგარიში წარმოადგინეს.

მხარეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და დაგეგმეს პროექტისთვის განსაზღვრული შემდგომი ნაბიჯები.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი ერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მოეწყობა.

ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებში გვხვდება.

ხის კენწეროების ბილიკის შექმნის მიზანია, ადამიანებმა უკეთ, ახლოდან შეიცნონ ბუნება და ხელშესახები გახდეს მათთვის. მსგავსი ბილიკი ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, რაც ხელს შეუწყობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას.

ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.