"მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018"

თუშეთში, სოფელ ომალოში „მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ აღნიშნეს. დამსწრეებს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ მიმართეს.

მეცხვარის დღე ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტოში, თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრთან იმართება. წელს ღონისძიებაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო მონაწილეობდა.

ვიზიტორთა ცენტრის ეზოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საინფორმაციო სტენდები და ინტერაქციული ბანერები განთავსდა, სადაც სტუმრებს ფოტოების გადაღება შეეძლოთ. ასევე მოეწყო დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტო გამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი და მოწვეული ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. ასევე მოწყობილი იყო ძველებური თუშურ-მწყემსური ყოფა ცხოვრების ამსახველი ტრადიციული კუთხე. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ტრადიციული თუშური კერძები და ჩართულიყვნენ მომზადების პროცესში.

მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“-ის ფარგლებში, სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა. მოეწყო დოღი და მშვილდოსნობის კუთხე. ღონისძიების დამსწრე ბავშვებისთვის ხრიდოლის ფედერაციის წევრებმა ტრადიციული ქართული თამაშების სივრცე მოაწყვეს, ასევე გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლაც.

„მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ სოფო ბათილაშვილის , ზვიად ბოლქვაძისა და ჯგუფი ნიუტონის კონცერტით დასრულდა.