ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი, სააგენტოს თანამშრომლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მართვის გეგმის საშუალებით მოხდება ნეძვის აღკვეთილის ტყის ეფექტური მართვა. შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდება აღდგენითი ღონისძიებები. გეგმის თანახმად, მოხდება ტერიტორიის ზონირება, განისაზღვრება უბნები, გამოიყოფა სოჭის თესლის შეგროვების ადგილები და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით დაიგეგმება საშეშე და სამასალე ხით სარგებლობის ტერიტორიები.

შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა, გამოითქვა შენიშვნები, რომელთა გათვალისწინების შემდეგ პროექტის ავტორები დასამტკიცებლად გეგმის საბოლოო ვერსიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო პოლიტიკისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტს გადაუგზავნის.

ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ტყეპროექტმა“ მოამზადა.