პროექტი „კოლხეთის მოხალისე“

კოლხეთის ეროვნულ პარკში პროექტი "კოლხეთის მოხალისე" მიმდინარეობს. პროექტი 2018 წლის 3 სექტემბერს დაიწყო და მასში ქ.ფოთის სხვადასხვა სკოლის 14 მოსწავლე მონაწილეობს. თეორიული აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას, მის საერთაშორისო მნიშვნელობას და ეკო ტურისტულ სერვისებს გაეცნენ. მათ ასევე ისწავლეს თუ როგორ დაიტანონ ქალაქში არსებული სხვადასხვა ტურისტული ობიექტები რუკებზე Google Pin-ის საშუალებით, როგორ შექმნან და განათავსონ რეკლამები სოციალურ ქსელში.

პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში განხორციელდა ორი ეკო ბანაკი ფოთსა და ანაკლიაში. ეკო ბანაკის განმავლობაში მოსწავლეები თავად გავიდნენ კოლხეთის ეროვნული პარკის სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტებზე და კაიაკებითაც გაისეირნეს. პროექტის მონაწილეები ეროვნული პარკის სხვადასხვა ტერიტორიებზე განთავსებული ფრინველების სათვალთვალო კოშკურებიდან ფრინველებს დააკვირდნენ და მათი იდენტიფიცირებაც მოახდინეს.
პროექტის განმავლობაში დასუფთავების აქციაც მოეწყო. დასუფთავდა მდ.ფიჩორის ხეობაში არესბული საპიკნიკე ადგილი და ასევე კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიმდებარე ტყე-პარკის ტერიტორია. 

პროექტის მიზანს მოსწავლეების ეკო ცნობიერების ამაღლება , მოხალისეობრივ საქმიანობაში მათი ჩართვა და რეგიონში ეკო ტურიზმის პოპულარიზაცია წარმოადგენს. 

პროექტს "კოლხეთის მოხალისე" კოლხეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაცია მშვიდობის კორპუსის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის განხორციელებაში მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეებთან ერთად კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც მონაწილეობენ.