შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებთან

საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრები ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ. სამუშაო შეხვედრები გაიმართა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხრიდან დელეგაციას თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფანცულაიამ უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ეკო-ტურიზმის განვითარება, მღვიმეების მართვა, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება.

ასევე, განხილულ იქნა მიმდინარე პროექტები და დაისახა სამომავლო გეგმები, რომელიც შეეხება გამოცდილების გაზიარებას გარემოს დაცვისა და დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით.

დაცული ტერიტორიების სააგენტო წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის მთავრობასთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა არა ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ეხება იმერეთის და რაჭის მღვიმეთა მართვის გაუმჯობესებას, თუშეთის დაცული ტერიტორიების განვითარებას.