დაცული ტერიტორიების სააგენტო კარპატის რეგიონის ქვეყნების მესამე საერთაშორისო ფესტივალზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში, ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში გამართულ კარპატის რეგიონის ქვეყნების მესამე საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალში - ‘’CARPATHIAN SPACE’’, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ეკო-ტურიზმის მიმართულებით, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურია უფროსმა - თამარ ხახიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ეკო-ტურისტული პოტენციალისა და ამ მხრივ ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილე ქვეყნებს ეკო-ტურიზმის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საშუალება მიეცათ.

საქართველოს გარდა, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა სახელმწიფოს დელეგაციამ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში - გელა დუმბაძემ, რომელმაც საქართველოს სახელით მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებს ქართული სამზარეულოს მასტერკლასი შესთავაზა.

გარდა ზემო აღნიშნულისა, ფესტივალმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინა.