დაძმობილებული პარკები
ბუხანსანის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი
ბუხანსანის ეროვნული პარკი გამოირჩევა გრანიტის უზარმაზარი მწვერვალებითა და ტყის მასივებით, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში ბუნებრივი ეროზიისა და გეოლოგიური პროცესების შედეგად ჩამოყალიბდა. პარკის დასახელება „ბუხანსანი“ ნიშნავს „ჩრდილოეთით მდებარე მთას“.
ტემპერატურა ზაფხულის თვეებში საშუალოდ 30°C-მდე აღწევს, ზამთარში კი -10°C-მდე ეცემა. სეზონების ცვლილებასთან ერთად მკვეთრად იცვლება კლიმატი, რის გამოც ზაფხულის ტენიან და ცხელ დღეებს ზამთარში მშრალი, ყინვიანი ამინდი და თოვლიანი მწვერვალები ენაცვლება.
ბუხანსანის ეროვნული პარკი 79,9 კმ²-ზეა გადაჭიმული და მსოფლიო გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც „ფართობთან შეფარდებით ყველაზე ნახვადი ეროვნული პარკი“. ეროვნულ პარკში ბინადრობს 1300-ზე მეტი სახეობის მცენარე და ცხოველი, მათ შორის 100-ზე მეტი სახეობის ფრინველი, აზიური მაჩვი, გარეული ღორი, ციყვი და მელა. ამფიბიებიდან და რეპტილიებიდან წარმოდგენილია სხვადასხვა სახეობის ბაყაყი, სალამანდრა და გველი.
ბუხანსანის ეროვნული პარკი მდიდარია კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობით, სადაც განთავსებულია 100-ზე მეტი ისტორიული ტაძარი და ძველი ციხესიმაგრის გალავანი (ბუხანსანსონგი), ამიტომ ისტორიული და სულიერი თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველ და საინტერესო ადგილად ითვლება.
ყაზბეგის ეროვნულ პარკსა და ბუხანსანის ეროვნულ პარკს შორის არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც 2024 წლიდან გამყარდა დაძმობილების შეთანხმებით, ეფუძნება მაღალმთიანი ეკოსისტემების დაცვას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და ვიზიტორთა მდგრადი მართვის გამოცდილების გაზიარებას.