აჯამეთის აღკვეთილში 550 ძირი იმერული და ქართული მუხის ჯიშის ნერგი დაირგო
დედამიწის დღის 2021 წლის თემის - „აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა“ აღსანიშნავად, "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" მხარდაჭერით, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, აღკვეთილში მოწყობილ მუხის სანერგე ფართობზე 550 ძირი იმერული და ქართული მუხის ჯიშის ნერგი დაირგო.
აჯამეთის აღკვეთილში, 2016 წლიდან დღემდე, წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის - იმერული მუხის აღდგენის პროექტი, დაახლოებით 56 ჰა ტერიტორიაზე, რომლის მიზანი აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირსების, იმერული მუხის დაცვა-შენარჩუნებაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული და თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორს მხარდაჭერისთვის.