ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში ახალი ეკოტურისტული ბილიკი გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, UNDP-ის მოქმედ ხელმძღვანელთან, ანნა ჩერნიშოვასთან და CNF-ის ხელმძღვანელ თობიას მიუნხმაიერთან ერთად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში ახალი, 32 კილომეტრიანი ბილიკი გახსნა.

ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად მარკირებული, წრიული, პანორამული ბილიკი ერთმანეთთან სოფელ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოს და სოფელ ნეძვს აკავშირებს. ბილიკი საშუალო სირთულისაა და მისი დალაშქვრა როგორც ფეხით, ისე ცხენითაა შესაძლებელი.

ბილიკის მოსაწყობი სამუშაოები 2020 წელს დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა: მოეწყო 13 კმ სიგრძის ახალი ბილიკი, რეაბილიტირდა 19 კმ სიგრძის ბილიკი, საჭირო ინფრასტრუქტურით, მთა შუანოსთან კი 12 ვიზიტორზე გათვლილი, ტურისტული კოტეჯი.


ნეძვის ბილიკის მოწყობა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით “დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესება” პროექტის ფარგლებში, ასევე კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და ფონდი Global Conservation-ის მხარდაჭერით განხორციელდა და ჯამში 288 500 ლარის ინვესტიცია დაიხარჯა.


გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ათ წელზე მეტია ხელს უწყობს საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებას. ბოლო წლებში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების ძირითადი მიმართულებებია დაცული ტერიტორიების განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, რეინჯერების განათლებისა და სათანადო აღჭურვის ხელშეწყობა, ეკო-ტურიზმის განვითარება, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და საზოგადოების ინფორმირება დაცული ტერიტორიების შესახებ.