დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას

დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.” - თამარ ხახიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.

”დაცული ტერიტორიების სააგენტო გასული წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გაუმჯობესების მიმართულებით. განხორციელებული პროექტები მიზნად ისახავდა ვიზიტორებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და გარემოსადმი მეგობრული ტურისტული გარემოს შექმნას. აღნიშნული მიმართულება პრიორიტეტული რჩება და სამუშაოები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.

2025 წელს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, მათ შორის პრომეთეს მღვიმეში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მარტვილის კანიონზე, ოკაცესა და კინჩხას ჩანჩქერებზე და ერუშეთის ეროვნულ პარკში მოეწყო და განახლდა ტურისტული ინფრასტრუქტურა: საინფორმაციო, საინტერპრეტაციო, უსაფრთხოების და საგზაო მანიშნებლები, აღიჭურვა ეკოტურისტული კოტეჯები, ხოლო მარტვილის კანიონისა და ოკაცეს ჩანჩქერის მიმდებარედ აშენდა კაფეტერიები.

„მიმდინარე წელს, სააგენტო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს, ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯება” - აღნიშნა თამარ ხახიშვილმა.

თბილისის ეროვნულ პარკში დასრულდება სამი ვიზიტორთა ცენტრის, 160 კმ საფეხმავლო ბილიკების, სამი ტურისტული თავშესაფრისა და 44 საპიკნიკე სივრცის მოწყობა, ასევე, საინტერპრეტაციო დაფებისა და სხვა მცირე სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე დასრულდება შშმ პირებზე ადაპტირებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხოლო ექვს დაცულ ტერიტორიაზე განახლდება საინფორმაციო, საინტერპრეტაციო და საგზაო მიმართულების მანიშნებლები.

პარალელურად, გრძელდება თუშეთი–ფშავ–ხევსურეთი–ყაზბეგის დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი 127 კმ-იანი ბილიკების ქსელის მოწყობა თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურით, რომლის დასრულებაც წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

ბირთვისის კანიონზე კი, დასრულდება და გაიხსნება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი, რომელიც მოიცავს ვიზიტორთა ცენტრის, გადასახედი პლატფორმის, დაკიდებული ხიდების, კოტეჯების, საპიკნიკე სივრცეებისა და ზიპლაინის მოწყობას.