დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა კოლხეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო ბლოგერებსა და ინფლუენსერებს უმასპინძლეს

ბლოგერმა მოგზაურებმა საქართველოში Unesco-ს ბუნებრივი მემკვიდრეობა მოინახულეს და ინფორმაცია მიიღეს ტერიტორიის მნიშვნელობის შესახებ.

კოლხეთის ეროვნული პარკის გარდა, ბლოგერები ოკაცესა და მარტვილის კანიონებსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებსაც ესტუმრნენ.

12 ინფლუენსერი, რომელიც საქართველოს 4 სხვადასხვა მიმართულებით მოგზაურობს, სხვადასხვა რეგიონის სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ-ტურისტულ მიმართულებებს და პროდუქტებს სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ, რომელსაც მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა მთელს მსოფლიოში.

მასშტაბური პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკულ პლატფორმა Steller-თან ერთად ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში 2 კვირის განმავლობაში Facebook-ის, Instagram-ის TikTok - ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები აშშ-დან, კანადიდან და ევროპიდან საქართველოს ტურისტულ ადგილებს სტუმრობენ.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ტურისტების მოზიდვის ხელშეწყობასა და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.