გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მიმდინარე წლის შედეგები და 2022 წლის გეგმები განიხილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მიმდინარე წლის შედეგები და 2022 წლის გეგმები განიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დაცული ტერიტორიების დაარსება/გაფართოების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და ეკოტურიზმის განვითარების საკითხზე.
 
2021 წელს, დაცული ტერიტორიების ფართობი 120 000 ჰექტრით გაიზარდა და, დღეისათვის, 798 287 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11,45%-ია. დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება მომდევნო წლებში კვლავ სააგენტოს პრიორიტეტად რჩება. დაგეგმილია 7 დაცული ტერიტორიის - რაჭის, შიდა ქართლის, საჩხერის, რიონის, სამეგრელოს, გურიის, სვანეთის - დაარსება და კოლხეთის ეროვნული პარკის გაფართოება.
 
აღინიშნა, რომ, მიმდინარე წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო - პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია; კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა, როგორც „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები".
 
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ აქტიურად უნდა განაგრძოს მუშაობა როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებისა და მონიტორინგის, ასევე, ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებებით.
 
„მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობა, მეორე მხრივ კი, მოხდეს საზოგადოების კიდევ უფრო დაახლოება მასთან კომფორტული და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სერვისების შეთავაზებით”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
 
აღინიშნა, რომ, 2021 წელს, ფუნქციონირება დაიწყო ახალმა ეკოტურისტულმა ობიექტებმა- გაიხსანა თეთრა მღვიმე; ნაწილობრივ გაიხსნა პირველი ფართომასშტაბიანი, მრავალფუნქციური ეკოტურისტული სივრცე წალკის კანიონი; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის ნაწილში დასრულდა 141,8 კმ ბილიკების ქსელის მოწყობის სამუშაოები თანმდევი ინფრასტრუქტურით; სათაფლიაზე სრულად განახლდა მღვიმის განათების სისტემა და გარე ტერიტორიაზე მოეწყო მხატვრული განათების ახალი სისტემა; სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე მოეწყო კაფეტერიები, კოტეჯები.
 
2022 წელს ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით სამუშაოები კვლავ გაგრძელდება, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ნაკადების მოზიდვას, ადგილობრივ მოსახლეობას კი, დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე, მათ შორის, ტყის მოვლა-აღდგენაზე, სახეობათა დაცვასა და მონიტორინგზე. აღინიშნა, რომ, მიმდინარე წელს, საქართველოს 12 დაცულ ტერიტორიაზე, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს პატრულირებისა და ბიომონიტორინგის თანამედროვე SMART ტექნოლოგიების დანერგვა.
 
საუბარი შეეხო კონსერვაციული და სახეობათა აღდგენის პროექტებს. ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF)-ის მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს ჯეირნების პოპულაციის აღდგენის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე; მათი რაოდენობა უწყვეტად იზრდება და ამ ეტაპზე 200 ინდივიდს აღემატება. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტელემეტრიული მონიტორინგი ხორციელდება; თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ჯიქის, იგივე ლეოპარდის მონიტორინგის პროექტი მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES-ის მიერ; 2009 წლის წლის შემდეგ პირველად, მიმდინარე წელს, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჯიქი პირველად დაფიქსირდა.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა დაცული ტერიტორიების განვითარებაში საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მომავალ წელს მუშაობა გაგრძელდება როგორც პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ახალი თანმშრომლობის დაწყების მიმართულებებით, რაც ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ხელს შეუწყობს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.