გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებმა UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 41-ე სესიაში მიიღეს მონაწილეობა

 

 

 

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებმა - სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 41-ე სესიაში მიიღეს მონაწილეობა.
 
ქ. პარიზში გამართული სესიის მონაწილე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე ხელმძღვანელობდა.
 
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა აღნიშნა, დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად კოორდინაციაშია UNESCO-ს შესაბამის სამსახურებთან და მონაწილეობას იღებს მსგავსი ტიპის შეხვედრებში, რათა გაითვალისწინოს და იხელმძღვანელოს იმ რეკომენდაციებით, რომლებიც იუნესკოს მიერ აღიარებული ტერიტორიების ეფექტიან მართვასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
 
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან. აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე, 2021 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას, „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები-ს“ სტატუსით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები შეემატა.