კერძო სექტორის მხრადაჭერა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარებისათვის

კერძო სექტორის მხრადაჭერა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარებისათვის

2013 წლის 24  აგვისტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილები ლაშა მოისწრაფიშვილი და ბაკურ კვარაცხელია, კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამების რეგიონული დირექტორი დენიელ სეპიკი და პროკრედიტ ბანკის 50 თანამშრომელი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს  ეწვივნენ და იქ არსებული 5 კილომეტრიანი ტურისტული მარშრუტის  - „მაჭისციხის“ აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, პროკრედიტ ბანკსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის გაფორმებული შემოწირულობის ხელშეკრულების საფუძველზე, პროკრედიტბანკმა გამოყო თანხა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საოპერაციო ხარჯების უზრუნველსაყოფად. პროკრედიტ ბანკის საქართველოს წარმომადგენლებმა და ამავე ბანკის 50-მა თანამშრომელმა „მაჭისციხის” მარშრუტი დაასუფთავეს და მიიღეს მონაწილეობა გადასასვლელი ხიდისა და საფეხურების სარეაბილიტაციო სამუშაოებში. ღონისძიებაში ჩართული იყო კავკასიის ბუნების ფონდის წარმომადგენლობაც.

პროკრედიტ ბანკი უკვე მესამე წელია თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდთან. წინა წლებში, ბანკის მხარდაჭერით, ტურისტული ბილიკის „ნინოსხევის ჩანჩქერის“ რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო პარკის ადმინისტრაციას გადაეცა სანაგვე ურნები. მიმდინარე წელს კი, ვიზიტორებისა და რეინჯერების მთაში ცხენით კომფორტულად გადაადგილების მიზნით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას ბანკისაგან საცხენოსნო ხურჯინები ერგო საჩუქრად.

აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორის მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაცული ტერიტორიების განვითარებასა და იქ არსებული სერვისების გაუმჯობესებაში.