ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ტურიზმის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები 110 წლის იუბილეს „ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო დაცული ტერიტორიის“ ტიტულით ხვდება! ტურიზმის ეროვნული ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს დაჯილდოებაში - "Welcome to Georgia!" წელს 19 დაცული ტერიტორია იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებული საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა.
 
საქართველოსა და კავკასიაში პირველი დაცული ტერიტორია, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ბიომრავალფეროვნების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოსა და მთელს რეგიონში. აქ არსებული ტყე დღემდე ხელუხლებელ მდგომარეობაშია შენარჩუნებული.
 
 "Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება" ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორის განვითარებას საქართველოში და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.