მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე გაიმართა. მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა დაესწრნენ.
მემორანდუმის ფარგლებში, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის ეზოში არქეოლოგიური სათამაშო მოედანი და საგამოფენო სივრცე მოეწყო, სადაც ჯავახეთის რეგიონის ბიომრავალფეროვნების ამსახველი ექსპოზიცია განთავსდა. ახალქალაქის საჯარო სკოლების მე- 5-მე-6 კლასის მოსწავლეებმა იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა და მათთვის მომზადებული არტეფაქტები აღმოაჩინეს. 
პროექტის ფარგლებში, ჯავახეთის გარდა, სხვა დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, რეგიონში არსებული ისტორიული, საბუნებისმეტყველო, ხელოვნებისა და ადგილობრივი ბუნების მემკვიდრეობის შესახებ სტენდები, გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყობა.

იხილეთ სიუჟეტი