ოკაცესა და მარტვილის კანიონებზე დასუფთავების აქცია მოეწყო

ოკაცესა და მარტვილის კანიონებზე მოხალისეთა პროგრამის ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ბერიძის ორგანიზებით, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა რეინჯერებთან ერთად ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ხუთ დაცულ ტერიტორიაზე - ოკაცე, ლაგოდეხი, ბორჯომი, მტირალა, თუშეთი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები იმყოფებიან. ისინი ეცნობიან დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, ასუფთავებენ რეკრეაციის ზონებს, მონაწილეობას იღებენ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში და ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარებიან.
მონაწილეებს ასევე განემარტათ თუ რა ზიანი მოაქვს პოლიეთილენს გარემოსთვის და რა ქმედებებია აუცილებელი პრევენციის კუთხით. დასუფთავების მიზანს ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობა წარმოადგენდა.