პრომეთეს მღვიმეში ახალი ტურისტული მარშრუტი შეიქმნება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი წყალტუბოს რაიონში „პრომეთეს“ მღვიმეში იმყოფებოდა. მინისტრმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი შონვაძესთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად მღვიმეში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩენილი ახალი მონაკვეთის ინფორმაციას გაეცნო.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით 2015 წლის 22-30 იანვარს სპელეომყვინთავების ჯგუფმა ელგუჯა ჯამრიშვილის, ამირან ჯამრიშვილის, ილია ჯამრიშვილის , ვლადიმერ ბარბაქაძის ,ზურაბ კარიაულის და გიგო ონიანის შემადგენლობით , "პრომეთეს" მღვიმის სანაოსნო მონაკვეთის ახალი სიფონების კვლევა ჩაატარა. აღმოჩენილია ახალი განშტოება , რომელიც ძირითადად წარმოადგენს სიფონებს ,წყლიან დერეფნებს და მშრალ მონაკვეთებს. პირველი სიფონი 40 მეტრი სიგრძისაა , მაქსიმალური სიღრმე კი 5 მეტრი აქვს. შემდეგ გავდივართ წყლიან დარბაზში , რომლის ფსკერიც წარმოადგენს 4 მეტრის ტბას, დარბაზის ჭერი და კედლები მდიდარია მღვიმური ფორმებით. შემდეგ გრძელდება 8 მეტრის სიფონით, რომელსაც გავყავართ 130 მეტრის სიგრძის დარბაზში, ბოლოს კი მოდის ორი განშტოება, მარცხენა მხარეს სიფონური , მარჯვენა მხარეს მშრალი. მარცენა მხარე წარმოადგენს ორ პატარა სიფონს, 8 და 7 მეტრიანებს, რომელთა შორის არის 18 მეტრიანი დარბაზი. ხოლო მეორე სიფონიდან გავდივართ წყლიან დარბაზში, სადაც შეიძლება დიდი დარბაზიდან მოხვედრა ამ ორ პატარა სიფონის გვერდის ავლით. 

სულ გამოკვლეულია 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთი, ეს არის წყალტუბოსმღვიმური ჰიდროსისტემის ნაწილი, არსებული მარშუტი გამოირჩევა უნიკალური ნაღვენთებით, სტალაქტიდებით და სტალაგმიტებით.
სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს საერთაშორისო  სტანდარტების სანაოსნო მარშუტის განვითარებას. კვლევა-ძიება განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  „პრომეთეს“ მღვიმე 1984 წელს აღმოაჩინეს, ტურისტული ინფრასტრუქტურა ექსპლუატაციაში 2012 წელს შევიდა. მისი სახმელეთო-საფეხმავლო მონაკვეთის სიგრძე 1420 მეტრია, სანაოსნო მონაკვეთის კი 350 მეტრი. გასულ წელს მას91672 ვიზიტორი სტუმრობდა.

 იხილეთ ვიდეო