საქართველოსა და კორეის ეროვნული პარკების საერთო გამოფენა

ალგეთის ეროვნულ პარკში საქართველოსა და კორეის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. 2 კვირის განმავლობაში ალგეთის ეროვნულ პარკში კორეის ეროვნული პარკების ფოტოგამოფენა იქნება წარმოდგენილი. პარალელურად, ექსპოზიცია კორეაში, ქ. ვონჯუშიც გაიხსნა, სადაც საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოებია გამოფენილი.

ღონისძიებას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, საქმეთა დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი, საქართველოს საგარეო სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

კოვიდ 19-ით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ მიიღო უნიკალური შესაძლებლობა მოახდინოს საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით. მათ შორის, აღნიშნული ღონისძიება საქართველოსა და კორეის მყარი და ეფექტური პარტნიორობის დასაწყისია. სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის იგეგმება ვიზიტების გაცვლა და მემორანდუმის გაფორმება.