თრუსოს ხეობის კომისიის დასკვნის საჯარო განხილვა

თრუსოს ხეობის კომისიის დასკვნის საჯარო განხილვა

2013 წლის 26 სექტემბერს, 11 საათზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, თრუსოს ხეობაში არსებული შპს „კასარას“ კუთვნილი სალიცენზიო ობიექტის - ჭაბურღილის შესაძლო ზემოქმედების შეფასება ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე თრუსოს ტრავერტინზე, აბანოს მინერალურ ტბასა (ე.წ. “ბუყბუყა“) და ასევე, ეროვნული პარკის საზღვართან სიახლოვეს მდებარე ქეთერისის კარსტულ წყაროზე (ვოკლუზზე).

დღის წესრიგის მიხედვით, დაგეგმილია თრუსოს კომისიის მუშაობის შედეგად მომზადებული ოქმისა და მასში წარმოდგენილი დასკვნების განხილვა:

 

  • შპს „კასარა“-ს სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ობიექტზე მიმდინარე პროცესები: სალიცენზიო ობიექტზე გაცემული ნებართვა, ობიექტზე წარმოებული გამოკვლევების შედეგები, ჭაბურღილის საშუალებით ნახშირორჟანგის  მოპოვებაზე დადგენილი კვოტა და შემდგომი გეგმები (სოფელ კობთან ქარხნის აშენება და ჭაბურღილიდან ქარხნამდე თრუსოს ხეობაში მილის გაყვანა);
  • თრუსოს ხეობაში არსებულ ბუნების ძეგლებზე - თრუსოს ტრავერტინზე, აბანოს მინერალურ ტბასა და ბუნების ძეგლის სტატუსის არმქონე ქეთერისის ვოკლუზზე მიმდინარე ცვლილებები და დღევანდელი მდგომარეობა;
  • შპს „კასარა“-სათვის ქარხნის მშენებლობისა და მილის გაყვანის, ასევე ქარხნის ამოქმედების ნებართვის გაცემის საკითხი.

შეხვედრას დაესწრებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტ-გეოლოგები. სამუშაო შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც სურვილი ექნება მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ ღონისძიებაში, გთხოვთ წერილობით მოგვაწოდოთ თქვენი კანდიდატურები (პირადი ინფორმაცია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: katerina@moe.gov.ge