ტანას აღკვეთილი

 

ტანას აღკვეთილი - 10 986 ჰა

გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ტანასა და თეძამის ხეობებს, თავისი მდებარეობის გამო, მნიშვნელოვანი კონსერვაციული ფუნქცია აქვს, კერძოდ, ეს ორი ხეობა წარმოადგენს საქართველოს ორი ეროვნული პარკის (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის (რომელიც მოიცავს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილებს) და ალგეთის ეროვნული პარკის (რომელიც მოიცავს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილებს) დამაკავშირებელ დერეფანს. ტანასა და თეძამის ხეობების ტყეები და სუბ-ალპური მდელოები მრავლი ძუძუმწოვრისთვის ბუნებრივი სამიგრაციო დერეფანია და ამგვარად, ის ხელს უწყობს ბორჯომ-ხარაგაულისა და ალგეთის ეროვნული პარკების ფაუნის პოპულაციების მდგრადობას.

ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის. ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება. აქ გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფლორისა და ფაუნის შემდეგი სახეობები: ფოცხვერი, წავი, დათვი, ფასკუნჯი, მაღალმთის მუხა, შიშველი თელადუმა, უხრავი, ყამბრო, ტანა გლერძი. ხეობებში წარმოდგენილია მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე შემდეგი სახეობები - კავკასიური იორდასალამი და აწყურული მიხაკი.

ამასთან, ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს საკვანძო ტერიტორიას ირმის კონსერვაციისთვის. ამ ტერიტორიაზე ირმის პოპულაციის აღდგენით შესაძლებელია მცირე კავკასიონის ერთადერთი პოპულაცია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაუკავშირდეს თბილისისა და ალგეთის ეროვნულ პარკებს, რომლებიც წარმოადგენენ ირმის აღდგენის პოტენციურ ტერიტორიებს. აღნიშნულ ადგილებში ირმის აღდგენა აუცილებელია ამ სახეობის სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის ჩამოყალიბებისათვის.

 

გარდა ამისა, ტანასა და თეძამის ხეობების გარკვეულ ადგილებს გააჩნია უნიკალური კონსერვაციული ღირებულება: ხეობა, როგორც თრიალეთის ქედის ნაწილი, წარმოადგენს ფრინველთათვის მნიშვნელოვან ადგილს (IBA), რაც საერთაშორისოდაა აღიარებული.