დაცული ტერიტორიების სააგენტოს დელეგაციამ ტყის ხანძრების მართვის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დელეგაციამ ტყის ხანძრების მართვის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს დელეგაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „Co-NatureGuard” ფარგლებში ბულგარეთის ქალაქ ბურგასში იმყოფებოდა, სადაც პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ტყის ხანძრების პრევენციის, რისკების ანალიზისა და ხანძრების მართვის საკითხები განიხილა.
შეხვედრის მიზანს პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა, რაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებში დაცული ტერიტორიების მართვისა და ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, ვაშლოვანის, კოლხეთის, ალგეთისა და ჭაჭუნას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისთვის ტყის ხანძრების მართვის გეგმების შემუშავება. ასევე, სამიზნე პარკების ადმინისტრაციები დრონებით აღიჭურვება, რაც ტყის ხანძრების რისკების შეფასებისა და მართვის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.
„Co-NatureGuard”-ის პროექტი მიზნად ისახავს ტყის ხანძრების პრევენციის გაძლიერებასა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას. ინიციატივა აერთიანებს საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის ორგანიზაციებს, რომლებიც ტყის მართვისა და ბუნების კონსერვაციის მიმართულებით მუშაობენ.
პროექტი 26 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ევროპაში 75-ზე მეტ დაცულ ტერიტორიას მოიცავს.