აღკვეთილი
აღკვეთილი წარმოადგენს დაცული ტერიტორიების ერთ-ერთ კატეგორიას, რომელიც შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას.
აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მიერ სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსების მოხმარება.
1996 წლამდე საქართველოში აღკვეთილის კატეგორია არ არსებობდა. იმ პერიოდში შექმნილი იყო სახელმწიფო სატყეო-სამონადირეო მეურნეობები, რომელთაც მართავდა საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველო. 1997 წლიდან საქართველოს კანონის „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ თანახმად, არსებული სახელმწიფო სატყეო-სამონადირეო მეურნეობების ბაზაზე შეიქმნა აღკვეთილები.
ამჟამად საქართველოში 24 აღკვეთილია და მათი საერთო ფართობი დაახლოებით 76 200 ჰა-ს შეადგენს.
აღკვეთილები:
- ასას აღკვეთილი
- აჯამეთის აღკვეთილი
- ბუღდაშენის აღკვეთილი
- გარდაბნის აღკვეთილი
- თეთრობის აღკვეთილი
- ილტოს აღკვეთილი
- იორის აღკვეთილი
- კარწახის აღკვეთილი
- კაცობურის აღკვეთილი
- ლაგოდეხის აღკვეთილი
- მადატაფას აღკვეთილი
- ნეძვის აღკვეთილი
- სათაფლიას აღკვეთილი
- სულდის აღკვეთილი
- ქობულეთის აღკვეთილი
- ყორუღის აღკვეთილი
- ცივ-გომბორის აღკვეთილი
- ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი
- ჭაჭუნას აღკვეთილი
- ხანჩალის აღკვეთილი
- პონტოს მუხის აღკვეთილი
- ფარავნის ტბის აღკვეთილი
- საღამოს ტბის აღკვეთილი
- აბულის ტბის აღკვეთილი