ეროვნული პარკი
საქართველოში პირველი ეროვნული პარკი, რომელსაც „თბილისის ეროვნული პარკი“ ეწოდა, შეიქმნა 1973 წელს.
ეროვნული პარკი ზოგადად იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი, ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად და არსებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიზნით. გარდა აღნიშნულისა, ეროვნული პარკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით კი, საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციაში.
1995 წელს დაარსდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკი, რომელსაც „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი“ ეწოდა. 1998 წელს დაარსდა კოლხეთის, 2003 წელს თუშეთისა და ვაშლოვანის, ხოლო 2006 წელს - მტირალას ეროვნული პარკები. ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა მაჭახელასა და ჯავახეთის ეროვნული პარკები, ხოლო ალგეთის, საგურამოსა და ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალებს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭათ.
ამჟამად, საქართველოში 13 ეროვნული პარკია, რომელთა საერთო ფართობი 445 767 ჰა-ს შეადგენს. ეს პარკებია:
- ალგეთის ეროვნული პარკი
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
- ვაშლოვანის ეროვნული პარკი
- თბილისის ეროვნული პარკი
- თუშეთის ეროვნული პარკი
- კინტრიშის ეროვნული პარკი
- კოლხეთის ეროვნული პარკი
- მაჭახელას ეროვნული პარკი
- მტირალას ეროვნული პარკი
- ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
- ყაზბეგის ეროვნული პარკი
- ჯავახეთის ეროვნული პარკი
- ერუშეთის ეროვნული პარკი