გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მინისტრი სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე საკითხებს, განხორციელებულ...
დავით სონღულაშვილი: „დაცული ტერიტორიების გაფართოებასთან ერთად, ჩვენი მთავარი ამოცანაა მათი ეფექტიანი მართვისა და დაცვის მექანიზმების გაძლიერება“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მინისტრი სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე საკითხებს, განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დაცული ტერიტორიების მართვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე. განხილული იყო მონიტორინგის სისტემის გაძლიერების, რეინჯერების შესაძლებლობებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების, დაცული ტერიტორიების ეფექტიანი მართვისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები.
„დაცული ტერიტორიების გაფართოებასთან ერთად, ჩვენი მთავარი ამოცანაა მათი ეფექტიანი მართვისა და დაცვის მექანიზმების გაძლიერება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიომრავალფეროვნების დაცვას, რეინჯერების შესაძლებლობების განვითარებას და დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის პოტენციალის სრულად გამოყენებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
დღეს საქართველოში 112 დაცული ტერიტორიაა, რომელთა საერთო ფართობი 1 066 175 ჰექტარს შეადგენს. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 25 ტერიტორიული ადმინისტრაცია მართავს.
