კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

კანონპროექტი „დაცული  ტერიტორიების  სისტემის შესახებ“ საქართველოს  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

პარასკევს, 10 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ წარმოადგინა კანონპროექტი „დაცული  ტერიტორიების  სისტემის შესახებ“ საქართველოს  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების დემარკაციის (საზღვრების დადგენის) დროს, მოქალაქეთა საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთებისა თუ შენობების  ამორიცხვას აღნიშნული ტერიტორიებიდან. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დაცული ტერიტორიების საზღვრებთან და მის შიგნით კერძო საკუთრებაში არსებული 2326 ნაკვეთი ფიქსირდება, აქედან 210 მესაკუთრეს შეუჩერდა რეგისტრაცია; შედეგად ამ პირთათვის შეუძლებელია აღნიშნული უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა, რაიმე სახის მშენებლობა ან გამრიცხველიანება. 

ცვლილების თანახმად, დაცული ტერიტორიის ფართობის შემცირება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ საგანგებო შემთხვევაში (დაცული ეკოსისტემების დაზიანება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობა და სხვა). აღნიშნული ცვლილება კი საშუალებას მისცემს პირებს, რომელთა საკუთრება ნაწილობრივ, ან მთლიანად მოქცეულია დაცული ტერიტორიების ფარგლებში, სრულფასოვნად განახორციელონ მესაკუთრის უფლებები თავიანთ ტერიტორიაზე. 

დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის კი ეს გამიჯვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ ამიერიდან მის ადმინისტრირებაში იქნება მხოლოდ ის ტერიტორიები, რომლებიც სააგენტოს ზრუნვის მთვარ ობიექტს წარმოადგენენ (მაგ. ხელუხლებელი ეკოსისტემები). ხოლო დაცული ტერიტორიების საზღვრებში შეცდომით მოხვედრილი  მიწის ფართობები, როგორიცაა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სხვა საბოლოოდ გათავისუფლდებიან სააგენტოს დაქვემდებარებისაგან.