პროექტი „მოხალისეები დაცულ ტერიტორიებზე“ დასრულდა

პროექტი „მოხალისეები დაცულ ტერიტორიებზე“ დასრულდა

2013 წლის 9 აგვისტოს, სტუდენტური პროექტი სახელწოდებით „ პრაქტიკული სწავლება დაცულ ტერიტორიებზე“ დასრულდა. პროექტში, რომლის მიზანს ახალგაზრდების გარემოსდაცვითი და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება წარმოადგენდა, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის 600-ზე მეტი სტუდენტი იყო ჩართული.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თავისუფალ უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის არსებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე სტუდენტებმა თუშეთის, ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალას, კინტრიშის, ლაგოდეხისა და იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა გარემოსდაცვით საქმიანობებში მიიღეს მონაწილეობა. მოხალისეებმა შეაკეთეს წყალმომარაგების სისტემა თუშეთის ეროვნულ პარკში, განახორციელეს პარკების ტერიტორიების დასუფთავება, შეასრულეს არსებული ტურისტული ბილიკებისა და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები, განახორციელეს ბილიკების მარკირება, მოაწყვეს საკარვე და საპიკნიკე ადგილები. სტუდენტები ასევე აქტიურ დახმარებას უწევდნენ დაცული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას ტურისტული სერვისების განვითარების, ვიზიტორთა მომსახურებისა და საოჯახო სასტუმროების ფუნქციონირების ხელშეწყობის სფეროში.

აღნიშნული პროექტი ერთჯერად ხასიათის არ ატარებს და მისი განხორციელება მომავალშიც არის დაგეგმილი. მსგავსი სახის ღონისძიებები კი, თავის მხრივ, ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით, აქტიურად ჩაერთონ დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებში და აიმაღლონ გარემოსდაცვითი ცნობიერება.