პრომეთეს მღვიმის გახსნიდან 10 წელი შესრულდა

10 წლის წინ, 26 მაისს, საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი პრომეთეს მღვიმე ოფიციალურად გაიხსნა. მღვიმეში „ქართუ ჯგუფმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა და ახალი საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურა მოაწყო, რის შემდეგაც ვიზიტორებს მიეცათ საშუალება იმოგზაურონ და აღმოაჩინონ საქართველოს ეს უნიკალური მემკვიდრეობა.


მას შემდეგ, მღვიმე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ისე უცხო ქვეყნის ვიზიტორებს შორის. პრომეთეს მღვიმეს მოიხსენიებენ როგორც „მიწისქვეშა ზღაპრული სამყარო“, „საოცრებათა სამყარო“ და სხვა მსგავსი ეპითეტებით.


მღვიმეში მოგზაურობა, მართლაც საოცარი და განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით ავსებს თითოეულ ვიზიტორს. აქ აღმოჩენილია 22 დარბაზი, საიდანაც ტურისტებისთვის, 6 დარბაზი ფუნქციონირებს. 1 420 მეტრის სიგრძის ბილიკი "მედეას", "არგონავტების", "სიყვარულის" და სხვა დარბაზებში გამოგზაურებთ, თითოეულ მათგანს კი განსაკუთრებული და საინტერესო ისტორია გააჩნიათ. ტურის დასასრულს მდინარე ყუმის ნაკადზე გასეირნება არის შესაძლებელი ნავით, რაც დამატებით ემოციებსა და შთაბეჭდილებებს ქმნის.


პრომეთეს მღვიმე 1983 წლის 15 ივლისს ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა ჯუმბერ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს.