საქართველოს დაცულ ტერიტორიებს - უნიკალურ ბუნებრივ საგანძურს, 25 ადმინისტრაციაში გადანაწილებული 500-ზე მეტი რეინჯერი იცავს

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს - უნიკალურ ბუნებრივ საგანძურს, 25 ადმინისტრაციაში გადანაწილებული 500-ზე მეტი რეინჯერი იცავს. მათი საქმიანობა მოიცავს ბრაკონიერობის აღკვეთას, ხანძრებთან ბრძოლას და პრევენციას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს, ასევე, ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე ზრუნვას.
ხანძრების პრევენცია დაცული ტერიტორიების რეინჯერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელიც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. რეინჯერები უზრუნველყოფილი არიან თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით, ასევე, რეგულარული სასწავლო პროგრამებით.
ხანძრების პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მიმდინარე ღონისძიებები. მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, რეინჯერებმა, ეროვნული პარკის ბორჯომისა და ნაკრძალის უბნებზე, მასშტაბური სამუშაოები ჩაატარეს - გაიწმინდა 55 კილომეტრის სიგრძის შიდა სახანძრო გზა.
სპეცტექნიკის გამოყენებით დამუშავებული სახანძრო გზა სრულად მოიცავს პარკის ყველა ხანძარსაშიშ მონაკვეთს და ისეა დაგეგმილი, რომ იცავს როგორც ქალაქ ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიებს, ასევე, პოპულარულ ტურისტულ ბილიკებს, სადაც ხანძრის საფრთხე განსაკუთრებით მაღალია.
შესრულებული სამუშაოები მნიშვნელოვანია ხანძრების პრევენციისა და დროული ლიკვიდაციისთვის, რაც პარკის ეკოსისტემის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.