საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, ბოლო 20 წლის განმავლობაში, მესამედ დაფიქსირდა მსოფლიო წითელი ნუსხის სახეობა - ლეოპარდი, იგივე ჯიქი

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, ბოლო 20 წლის განმავლობაში, მესამედ დაფიქსირდა მსოფლიო წითელი ნუსხის სახეობა - ლეოპარდი, იგივე ჯიქი.
ეს უნიკალური და ფრთხილი ცხოველი ფოტოხაფანგმა თავდაპირველად ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე დააფიქსირა, შემდეგ, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, ახლა კი, ალგეთის ეროვნულ პარკში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ეს ცხოველი, ბრაკონიერობის შედეგად, მე-20 საუკუნის შუა წლებიდან გადაშენებულად ითვლება.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე - საქართველო უფრო მეტად მნიშვნელოვანი ადგილი გახდა ევრაზიის ბიომრავალფეროვნების მთლიან რუკაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიების შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი ეროვნული, ბუნებრივი მემკვიდრეობის – უნიკალური და იშვიათი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვა და შენარჩუნებაა.
დღეს, საქართველოში, 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 929 996 ჰა. დაგეგმილია და მიმდინარეობს მუშაობა სამეგრელოს, სვანეთის, კახეთის, გურიის რეგიონებში 4 ახალი დაცული ტერიტორიის შექმნისა და რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით.