საქართველოში წითელი ნუსხის სახეობის კეთილშობილი ირმის აღდგენის ისტორიული პროგრამა იწყება

საქართველოში წითელი ნუსხის სახეობის კეთილშობილი ირმის აღდგენის ისტორიული პროგრამა იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის“ ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) საშენი მეურნეობა გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.
„ეს მართლაც ისტორიული ნაბიჯია საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით. კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამის გრძელვადიანი მიზანია ქვეყნის მასშტაბით სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პოპულაციების შექმნა, ჩვენი ვალდებულებაა, მომავალ თაობებს შევუნახოთ ის ბუნებრივი სიმდიდრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა საქართველოს უნიკალურ ეკოსისტემას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
საშენი მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 60 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული. ტერიტორია სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის ფოტოხაფანგებითა და სატელიტური საყელურებით.
„საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად ხდება წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური ირმის აღდგენა. ეს არის სახეობების აღდგენის პროგრამის ნაწილი, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.