ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა ჯავახეთში

ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა ჯავახეთში

ახალქალაქში, ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა დაიწყო. საძირკვლის ჩაყრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) წარმომადგენლები დაესწრნენ.  

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ხათუნა გოგალაძემ მოინახულა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შემავალი კარწახის ტბა და ადგილზე არსებულ ბიომრავალფეროვნებას გაეცნო.

ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინანსებითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის ფილიალის ზედამხედველობით ხორციელდება პროექტის „ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნა საქართველოში" (პროექტის ღირებულება: 2 250 000 ევრო) ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ჯავახეთის რეგიონში ეროვნული პარკისა და ხუთი აღკვეთილის შექმნას. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მიმდინარეობს ცალკეული სოციო-ეკონომიკური პროექტები, ეწყობა ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურა და დაგეგმილია ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება. 

პროექტის განმახორციელებელმა WWF-მა მოამზადა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2013 წელს დამტკიცდა. აღნიშნული გეგმის მიხედვით მოხდება ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მართვა მომავალი 6 წლის განმავლობაში.

10.06.2014